პროფესია, რომელიც ყოველდღე ვითარდება და გავითარებს – Android დეველოპერ ბექა ჩხიკვაძის „უცნაური ამბავი“
„მოკლედ, ცოტა უცნაურია, მაგრამ…“ – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ბექა ჩხიკვაძე და როგორც აღმოჩნდა, პროფესიაც ასე დაიწყო. 7 წელი – ბაკალავრიატი და მაგისტრატურა იურიდიულზე სწავლობდა. 3 წელი ამავე სფეროში მუშაობდა. ერთ დღესაც, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და Android დეველოპმენტის სწავლა დაიწყო.
„თსუ-ში იურიდიულზე ვსწავლობდი. დავამთავრე ჯერ ბაკალავრიატი, შემდეგ მაგისტრატურა. სამი წელი იურისტის პოზიციაზე ვმუშაობდი. ვგრძნობდი, რომ ვეღარ ვვითარდებოდი. მეტი პასუხისმგებლობა მჭირდებოდა, ერთ ადგილას გავჩერდი.
ჩემი მეგობარი, რომელიც ანდროიდ დეველოპერია, მირჩევდა ამ სფეროს სწავლა დამეწყო. ერთ დღესაც, მეც ვცადე… თუმცა გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო... სწავლობ 7 წელი ერთ სფეროს და უცებ, იღებ გადაწყვეტილებას, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყო. Android დეველოპმენტს 6 თვის განმავლობაში Youtube-დან ვსწავლობდი, შემდეგ კურსიც გავიარე და Leavingstone-მა დასაქმება შემომთავაზა. თავიდან ძალიან მიჭირდა. ფაქტობრივად, არანაირი გამოცდილება არ გაქვს და გიწევს დიდ პროექტებთან შეჭიდება, უამრავი რამის გარჩევა, სწავლა… გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეჩვევი, სწავლობ, ვითარდები და წინ მიდიხარ.“
წინსვლის ამბებსა და პირველ პროექტზე ენთუზიაზმით გვიყვება:
„პირველი ნამუშევარი იყო Text Reader-ი, რომელიც კამერის გამოყენებით (პირად ნომრებზე, მართვის მოწმობებზე, პასპორტებზე და ა.შ) ტექსტებს კითხულობდა. ძალიან გახარებული ვიყავი, როცა მას რეალურ ქეისებზე ვიყენებდი, მქონდა განცდა, რომ უფრო უნდა დამეხვეწა და განმევითარებინა.“
პროფესიული განვითარება დღემდე სიამოვნებას ანიჭებს და ეს სწორედ ისაა, რაც მუშაობის პროცესს საინტერესოს ხდის:
„პროფესიის შეცვლაზე აღარ ვფიქრობ, დეველოპმენტი ის სფეროა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და სულ გიწევს ახლის სწავლა, რაც მოტივაციას კიდევ უფრო მიმაღლებს. ამასთან, მსოფლიოში და საქართველოშიც დღითი დღე მატულობს მოთხოვნა დეველოპერებზე. დამსაქმებლებისთვის მთავარია ცოდნა გქონდეს, ამიტომ რასაც ისწავლი აუცილებლად უნდა გაიაზრო. უნდა გესმოდეს რას წერ, როგორ მუშაობს კონკრეტული მეთოდი და ა.შ.“
თვლის, რომ ამ სფეროში წარმატების მისაღწევად, მთავარია „დიდი ნებისყოფა და არდანებების სურვილი“. გვიყვება მისთვის საყვარელ პროექტზეც. ამბობს, რომ Campfire გამორჩეულია, რადგან ყველაზე მეტი მასზე მუშაობის პროცესში ისწავლა:
„Campfire – ეს არის პროექტი, რომელმაც ჩემს განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. Campfire იყო ანონიმური სივრცე რაიმეზე დამოკიდებულ (ნარკოტიკი, ჭამა, თამაშები და ა.შ) პირთათვის, სადაც მათ ერთმანეთისთვის თავიანთი ისტორიების გაზიარება და რჩევების მიღება/გაცემა შეეძლოთ. გამოყენებული იყო უამრავი Feature და ანიმაციები.“
ახლა, ბექას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი სმარტ აკადემიაში ელოდება. მას Leavingstone-ის Senior Android დეველოპერ მანუჩარ ლილუაშვილთან ერთად, მნიშვნელოვანი მისია აკისრია – დეველოპერების აღზრდა:
„კურსის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, ისწავლიან რეალური, მარტივი აპლიკაციის შექმნას. ყურადღება გამახვილებული იქნება გაიდლაინებზე, კოდის წერის სტილზე, სტრუქტურაზე, რათა კოდი იყოს ოპტიმალური და გასაგები…“
კურსზე Android დეველოპმენტი რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.