მთავარიბლოგი2 მაგალითი, როდესაც საავტომობილო ბრენდმა იდეალურად გამოიყენა Super Bowl-ის ძალა

2 მაგალითი, როდესაც საავტომობილო ბრენდმა იდეალურად გამოიყენა Super Bowl-ის ძალა

4 დეკადაზე მეტია, კომპანიები კრეატიული სატელევიზიო რეკლამების მომზადებას ცდილობენ ერთი კონკრეტული ღონისძიების - Super Bowl-ისათვის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს სპორტულ ღონიძიებად ითვლება.

სხვადასხვა მონაცემებით, ყოველწლიურად, მაყურებელთა დაახლოებით 25% Super Bowl-ს სატელევიზიო რეკლამების გამო უყურებს. 2021 წელს, Super Bowl-ისას მიმდინარე 30 წამიანი სარეკლამო რგოლის ღირებულება 5.5 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც გასაკვირი არაა, ვინაიდან ივენთის სატელევიზიო და ციფრული აუდიტორია, აშშ-ის მასშტაბით 100 მილიონს აღემატება.  Super Bowl პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულ მედია ღონისძიებად მიჩნეული. 

წარმოგიდგენ Super Bowl-ის თემატიკასთან დაკავშირებულ  სარეკლამო კამპანიებს, როდესაც ორმა საავტომობილო ბრენდმა, სხვადასხვა ხერხით შეძლო ღონისძიების მასშტაბების სათავისოდ გამოყენება.

Volkswagen-ის სტრატეგია - წარადგინე პროდუქტი, მაგრამ ნუ კონცენტრირდები სრულად მასზე. 

Super Bowl-ის მსვლელობისას, მაყურებლის ყურადღებას მხოლოდ საკუთარ პროდუქტზე საუბრით ვერ მიიპყრობ, შენ უნდა წარადგინო პროდუქტი, მასზე ზედმეტად კონცენტრირების გარეშე. 

2011 წლის Super Bowl-ზე, Volkswagen-მა აღნიშნული სტრატეგია კარგად გამოიყენა. ბრენდმა წარადგინა სარეკლამო რგოლი, სადაც წამყვანი ფიგურა ბავშვია, რომელიც ვარსკვლავური ომების პერსონაჟის, Darth Vader-ის ფორმაშია გამოწყობილი. რეკლამის საწყის წამებში, ბავშვი ოთახებში განლაგებული ნივთების გადაადგილებას ცდილობს, მათთან შეხების გარეშე, საყვარელი პერსონაჟის მსგავსად, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა მას იმედებს უცრუებს. სარეკლამო რგოლის ბოლოს, ბავშვის მამა სახლში ბრუნდება, საკუთარ მანქანას - Volkswagen Passat-ს ეზოში აყენებს და სახლში შედის. ბავშვი ხვდება, რომ ეს მისი ბოლო შანსია, მანქანის წინ დგება და მისი ძრავის ჩართვას ცდილობს საკუთარი ზებუნებრივი ძალის გამოყენებით. ამ ყველაფერს მამა სამზარეულოდან უყურებს და გასაღების დახმარებით, მანქანის დისტანციურად ძრავს - ბავშვი საკუთარი შესაძლებლობებით გაოცებული რჩება. 

რეკლამაში ფოკუსი პროდუქტიდან ბიჭზე გადადის. უშუალოდ Volkswagen-ის ავტომობილი, 1 წუთიანი რეკლამიდან, კადრში 30 წამითაც კი არ ხვდება. საავტომობილო ბრენდის სტრატეგიამ გაამართლა, რეკლამა ვირუსულად გავრცელდა და ჯერ კიდევ Super Bowl-ის მატჩის დაწყებამდე, YouTube-ზე 17 მილიონი ნახვა დააგროვა. 

როგორ გამოიყენა Volvo-მ საკუთარი კრეატივი Super Bowl-ის პარალელურად დაგეგმილი კამპანიისათვის

როდესაც Super Bowl-ის სარეკლამო რგოლის ღირებულებას იგებ, პირველ რიგში ალტერნატიული გზების ძიებას იწყებ. Volvo-ს მაგალითი ერთ-ერთ იმ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც ზემოხსენებულმა გზამ კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა.

2015 წლის Super Bowl-ის კვირეულის მსვლელობისას, Volvo-ს რეკლამას სატელევიზიო ეკრანის შუქი არ უხილავს, თუმცა შვედური ბრენდი ნებისმიერ სატელევიზიო რგოლზე უფრო კრეატიულ და სახალისო კამპანიას ამზადებდა. 

Volvo-ში გადაწყვიტეს საინტერესო და ინტერაქციული კამპანია აეგოთ Super Bowl-ის მიმდინარეობისას, რაც შემდეგში მდგომარეობდა, ყოველთვის, როდესაც ავტომობილის რეკლამას იხილავდნენ, მაყურებლებს და გულშემატკივრებს ტვიტერზე უნდა დაეპოსტათ ჰეშთეგით “#VolvoContest”, იმ ადამიანის სახელთან ერთად, რომელიც მათთვის ბევრს ნიშნავდა და განმარტებით, რატომ იმსახურებდა ეს ადამიანი ახალ Volvo XC60-ს. კამპანია ერთგული მომხმარებლების წახალისებას ემსახურებოდა, თითოეული პოსტის ავტორი ავტომატურად ერთვებოდა გათამაშებაში, რომლის გამარჯვებულიც ჯილდოს სახით Volvo XC60-ს მიიღებდა.

ყველაზე მოულოდნელი ამ სახალისო გათამაშებაში ის იყო, რომ როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, Volvo-მ არა 1, არამედ 5 ავტომობილი გაათამაშა, რაც დამატებით მიუთითებდა მის დამოკიდებულებაზე, ერთგული მომხმარებლების მიმართ. 

სოციალური მოტივებით განხორციელებული ინტერაქციული კამპანია მიზნად ისახავდა გამოეკვეთა ბრენდის ფილანთროპული მიდრეკილება, რომელიც უშუალოდ ადამიანებზეა კონცენტრირებული და საკუთარ გულშემატკივარს ძვირადღირებულ სარეკლამო კამპანიაზე წინ აყენებს.

Super Bowl-ის მასშტაბებზე გათვლილი წარმატებული კამპანიებიდან, მარკეტერებს ბევრის სწავლა შეუძლიათ. ზემოხსენებული მაგალითები კი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება სწორად დაგეგმილი კამპანიით საკუთარი ბრენდის ცნობადობის გაზრდა, თუნდაც ამისთვის განსხვავებული გზა, ბიუჯეტი და გზავნილი გქონდეს არჩეული.   

მარკეტინგის მიმართულების სასურველ კურსზე დასარეგისტრირებლად, ეწვიე ბმულს. 



სხვა სტატიები >>