მთავარიბლოგიმინდა, სტუდენტები მოვამზადო იმ გამოწვევებისთვის, რასთან გამკლავებაც მე მომიწია - ინტერვიუ მარიამ ცომაიასთან

მინდა, სტუდენტები მოვამზადო იმ გამოწვევებისთვის, რასთან გამკლავებაც მე მომიწია - ინტერვიუ მარიამ ცომაიასთან

თუ არჩეულ პროფესიაში შენც ეჭვი გეპარება ან უბრალოდ, ახალ საქმეს ეძებ, იქნებ, მარიამ ცომაიას გამოცდილებამ გზა შენთვის უცხო სფეროსკენ გაგიკვალოს. ის დღეს სმარტ აკადემიაში სოციალური მედია - საბაზისო კურსის ლექტორია. პარალელურად, არის სოციალური მედიის სტრატეგი სააგენტოში Betterfly და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი სააგენტოში Port:80წლების წინ, როცა უნივერსიტეტში პროგრამირებას სწავლობდა, საკუთარი თავი ამ სფეროში, ალბათ, ვერც წარმოედგინა: 

„ჩემი კარიერა უცნაურად დაიწყო. განათლებით პროგრამისტი ვარ, თუმცა პირველივე კურსზე მივხვდი, რომ ეს სფერო ბოლომდე ჩემი არ იყო. მუშაობა ვებსაიტის ადმინისტრატორად დავიწყე, ჩემს საქმიანობას მალევე მარტივი პოსტების აწყობა დაემატა. ეს პროცესი და ახალი რაღაცების სწავლა მომეწონა. მომდევნო სამსახურიც ამ მიმართულებით - სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ვიპოვე და კარიერაც ამ მხრივ განვავითარე.

ახლა სოციალური მედიის მენეჯერი აღარ ვარ. ეს ნაწილი ზოგადად ციფრულ მარკეტინგში გადავიტანე, თუმცა სოციალური მედიის დაგეგმვა ყოველდღიურ საქმიანობად რჩება. 

სტრატეგიულად ფიქრი ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია. სოციალური სივრცე მუდმივად ცვლილებებს განიცდის, რის გამოც სამუშაო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.“

მარიამის აზრით, სოციალური მედიის მენეჯერის მთავარი უნარი სიახლების მიმართ მზაობა უნდა იყოს: 

„შეიძლება, ერთ დღეს შეხვიდე Facebook Ads Manager-ში და საერთოდ სხვა ინტერფეისი დაგხვდეს. თავიდან, გარკვევა გაგიჭირდება, თუმცა ვფიქრობ, სოციალური მედიის მენეჯერს სიახლეების სწრაფად ათვისება უნდა შეეძლოს. ამასთან, Facebook არასდროს აკეთებს განახლებას გაფრთხილების და დოკუმენტაციის გარეშე, ამიტომ სოციალური მედიის მენეჯერებს დოკუმენტაციის ხშირად გაცნობასაც ვურჩევდი“, - ამბობს ის. 

დღეს რთული საპოვნია ცნობილი, წარმატებული კომპანია, რომელიც სოციალურ ქსელებს არ იყენებს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ კარგი სოციალური მედია მენეჯერისთვის (SMM) ყველა კომპანიის კარი ღიაა, თუმცა თუ ვაკანსიებს გადავხედავთ, სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანსიის აღწერაში იმაზე მეტი მოთხოვნა (მაგალითად, ფოტოშოპის ცოდნა) და ვალდებულება გვხვდება, რაც შესაძლოა, სტანდარტულად, სოც. მედია მენეჯერს არ ევალებოდეს. მარიამის თქმით, ილუსტრატორი და ფოტოშოპი წლების წინ თავადაც ისწავლა, მაგრამ მსგავსი პროგრამების ცოდნა, SMM-ის პირდაპირი მოვალეობა არაა:

„ვაკანსიების უმრავლესობაში დამატებითი მოთხოვნები ნამდვილად წერია. ამ ტრენდის დამკვიდრების მონაწილე, ალბათ, მეც ვიყავი როცა თავის დროზე, ფოტოშოპი და ილუსტრატორი „შემომესწავლა“. 

არ ვთვლი, რომ სოციალური მედიის მენეჯერის მოვალეობა დამატებითი პროგრამების ცოდნაა, ამისთვის დიზაინერები არსებობენ. პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ სხვადასხვა პროფესიის შეთავსება პროდუქტის ხარისხს აფუჭებს. 

მაქსიმალური შედეგის მისაღებად, კომპანიაში/პროექტზე უნდა მუშაობდეს როგორც სოციალური მედიის მენეჯერი, ისე - დიზაინერი. 

კომპანიისთვის სოციალურ მედიის როლი დღითიდღე იზრდება. ცნობილი და წარმატებული ბრენდი არ მახსენდება, რომელიც სოციალურ ქსელებში არ იძებნება.

კომპანიებს ვირტუალური სივრცე ეხმარება დაუახლოვდნენ მომხმარებელს და იმ სამყაროში შეაბიჯონ, სადაც ის თავს სანდო გარემოში გრძნობს - აზიარებს და იღებს ინფორმაციებს. მომხმარებლის მხრიდან სწრაფი უკუკავშირიც სოციალური მედიის კიდევ ერთი უპირატესობაა. არ აქვს მნიშვნელობა ეს გამოხმაურება დადებითი იქნება თუ უარყოფითი. უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება, იქნება ეს შეცდომის გამოსწორება, თუ მომხმარებლისთვის მადლობის გადახდა“, - გვიზიარებს გამოცდილებას მარიამი და საკუთარი კურსის შესახებაც გვიყვება.

მისი თქმით, სილაბუსი დატვირთულია პრაქტიკული ნაწილითაც, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი მომხმარებელთან ვირტუალური კომუნიკაციის დამყარების  შესაძლებლობებში გამოსცადონ და ყველა ის ხრიკი ისწავლონ , რაც კომპანიის ფეისბუქ გვერდის მართვას გაუმარტივებთ:

„კურსი მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც დამწყებმა სოციალური მედიის მენეჯერმა აუცილებლად უნდა იცოდეს. სილაბუსის შედგენისას შევეცადე, პრაქტიკული და თეორიული ნაწილი თანაბრად გამენაწილებინა. 

წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება მინდა, მაქსიმალურად კარგად გადავცე და სტუდენტები მოვამზადო იმ გამოწვევებისთვის, რასთან გამკლავება მე თავად მომიწია. 

სწავლება ძალიან კომპლექსური პროცესია და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ეს იყო გამოწვევა, რომელსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობით შევხვდი. პროცესი სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ მოვიკრიბე ენერგია და უკვე მეხუთე ჯგუფს ვხვდები.“

კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და თუ ფიქრობ, რომ ეს ის სფეროა, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს გამოცდიდი, შემოგვიერთდი


სხვა სტატიები >>