მთავარიბლოგი3 ფილმი, რომელიც თავისუფლების არსს იდეალურად გადმოსცემს

3 ფილმი, რომელიც თავისუფლების არსს იდეალურად გადმოსცემს

უნივერსალური დეფინიციით, თავისუფლება არის შესაძლებლობა, გააკეთო ის, რაც გსურს. სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებ მრავალ ხელოვანს უცდია საზოგადოებამდე თავისუფლების მისებური აღქმის უნიკალური გზით მიტანა. დღეს იმ 3 ფილმის შესახებ მოგიყვებით, რომელიც თავისუფლების კონცეფციას იდეალურად გვისახავს.

ბლოგი შეიცავს სპოილერებს 

The Truman Show

რეჟისორ პიტერ უირის მიერ გადაღებული ფილმი “ტრუმენის შოუ” უჩვეულო ექსპერიმენტის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მთავარი პერსონაჟი მთელს ცხოვრებას სპეციალურად მისთვის შექმნილ სამყაროში ატარებს და წარმოდგენაც არ აქვს, რომ მის ყოველდღიურობას, ტელეეკრანებიდან მილიონობით ადამიანი აკვირდება.

ფილმის ღრმა შინაარსს, მაყურებელი უმნიშვნელოვანეს კითხვებამდე მიჰყავს: 

  • რა არის თავისუფლება? 
  • ხარ კი ნამდვილად თავისუფალი თუ სხვები შენზე მუდმივად მანიპულირებენ? 
  • და როგორ შეიძლება იქცე ნამდვილად თავისუფალ ადამიანად? 

სწორედ ამ შეკითხვებს ეჭიდება ფილმის მთავარი პერსონაჟი, ტრუმენ ბერბენკი და ფილმის მაყურებლებსაც იწვევს, ჩასწვდნენ დამოუკიდებლობის ნამდვილ არსს და გადადგან ნაბიჯი ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ.

ფილმის დასაწყისში ნათლად ჩანს, რომ ტრუმენი იღებს გადაწყვეტილებებს, თუმცა მხოლოდ იმ შესაძლო ვარიანტებიდან, რასაც სატელევიზიო სტუდიის მიერ შექმნილი ფსევდო სამყარო სთავაზობს. თუმცა, აღნიშნული “თავისუფლების ნაგლეჯიც” ტრუმენისათვის სიმართლის გაგების შანსის მაქსიმალურად შემცირებას ემსახურება. სწორედ მისი შემოსაზღვრული, მოჩვენებითი თავისუფლება იქცევა იმ წინაღობად, რაც მას რეალურობისგან აშორებს და რის გამოც, მას თავისუფლება სინამდვილეში არც კი გამოუცდია.

ფილმის დასკვნით ნაწილში, ტრუმენი, რომელიც სიმართლეს შეეჯახება, არჩევანის წინაშე დგება, განაგრძოს კომფორტული ცხოვრება ნაცნობ, თუმცა გამოგონილ სამყაროში თუ გადადგას ნაბიჯი მისთვის უცნობი ტერიტორიისკენ, სადაც მას შეეძლება იყოს თავისუფალი. 

ტრუმენი ზურგს შეაქცევს მის ყოველდღიურობას და იდუმალ სამყაროში შებიჯებას გადაწყვეტს, რითაც მის ცხოვრებაში პირველად - ნამდვილ, თავისუფალ არჩევანს გააკეთებს.

The Intouchables

2011 წელს გამოშვებული ფრანგული ფილმი პარალიზებული, მდიდარი არისტოკრატის - ფილიპისა და მისი დამხმარის - დრისის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის ძირითადი ნაწილი, სწორედ ორი მთავარი პერსონაჟის ურთიერთობებზეა აგებული, რომელიც სახალისო და ამავდროულად სევდიანი მომენტებითაა გაჯერებული. 

სიუჟეტის მსვლელობასთან ერთად, ნათელი ხდება, რომ სხეულის პარალიზების შემდეგ, ფილიპისთვის ერთი შეხედვით გარდაუვალ მოვლენად იქცა მისი თავისუფლების დათმობა. ის იძულებულია, იცხოვროს იმ ცხოვრებით, რომელიც მისთვის არც თუ ისე მიმზიდველია. თუმცა, დრისის გამოჩენა ყველაფერს ცვლის. ახალი დამხმარე მას თავდაჯერებულობით ავსებს და გადასცემს თავისუფლების იმ სულს, რომელიც თავად ჭარბად გააჩნია.

ფილმის გზავნილი მკაფიოა - შენ ნებისმიერი მდგომარეობიდან შეძლებ თავისუფლების მოპოვებას, თუ მასზე ხელის ჩაქნევა არ გაქვს გადაწყვეტილი.

The Secret Life of Walter Mitty

რეჟისორისა და მსახიობის, ბენ სთილერის მიერ გადაღებულ, ჯეიმს ტურბერის მოკლე ისტორიაზე დაფუძნებულ ფილმში “უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება”, მოთხრობილია ჟურნალ “LIFE”-ის ფოტო მენეჯერის ისტორია, რომელიც დროს გამუდმებით ოცნებებში ატარებს და თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებას ნატრობს. 

ერთ დღეს, ის გადაწყვეტს თავი დააღწიოს რუტინულ ყოველდღიურობას და დაკარგული ნეგატივის საპოვნელად მიემართება.

მთავარი გმირის თავგადასავალი, მაყურებელს დიდი მოგზაურობის თანამონაწილედ აქცევს, ხოლო ფილმის შინაარსი, მათ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების განცდის ძლიერ სურვილის უჩენს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლებას ერთი კონკრეტული დეფინიცია არ გააჩნია და ის სხვადასხვა ადამიანში, განსხვავებულად იჩენს თავს. მთავარია ყოველთვის ვილტვოდეთ მისკენ, რადგანაც მას ალტერნატივა არ გააჩნია.

სხვა სტატიები >>