გრაფიკული დიზაინი, როგორც ცხოვრების სტილი და არა უბრალოდ პროფესია - გაიცანი ანნა გუგუტიშვილი
გრაფიკულმა დიზაინერმა ანნა გუგუტიშვილმა პირველი
სამსახური 20 წლის ასაკში დაიწყო. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და საქმიანობის სფეროს შეცვლაზე არასდროს უფიქრია. ეს ის შემთხვევაა, როცა პროფესია თავად ირჩევს ადამიანს. ასეთ დროს
კარიერული კიბის თითოეულ საფეხურზე გრძნობ, რომ შენი საქმიანობა „ცხოვრების სტილია
და არა უბრალოდ შეძენილი პროფესია“.
ანნა ახლა adjarabet.com-ის არტ დირექტორი და გრაფიკული დიზაინის გუნდის ხელმძღვანელია.
სულ ხატავს მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი ახსოვს:
„ვფიქრობ, ჩემი პროფესიული არჩევანი ხატვისა და სამყაროს მიმართ დიდმა ინტერესმა, სიყვარულმა განაპირობა. მიმართულება არასდროს შემიცვლია, თუ არ ჩავთვლით არქიტექტურულ განათლებას, რომელმაც პირიქით, ძალიან ბევრი სასარგებლო უნარი და ცოდნა შემძინა. უკვე 12 წელია გრაფიკულ დიზაინერად ვმუშაობ და არჩევანი არასდროს მინანია.
სინამდვილეში, არც გაქვს უფლება პროფესიის არჩევისას შეცდე. შეიძლება, შეცდომა დაუშვა სამუშო ადგილის შერჩევაში, მაგრამ არა სფეროში. შესაბამისად, შეიძლება რომელიმე სამსახური მოსაწყენი იყოს, მაგრამ არა გრაფიკული დიზაინი, რადგან ეს ცხოვრების სტილია და არა უბრალოდ შეძენილი პროფესია.
ხედვა, ფიქრები, ინფორმაციის აღქმა და გაცვლის ფორმაც კი ფერადი და მხატვრული გიყალიბდება. ყოველდღიური მოვლენებიც კადრებად და პოსტერებად შეგიძლია აქციო“, - ენთუზიაზმით იწყებს პროფესიაზე საუბარს და ვხვდები, ჩემი რესპოდენტი საკუთარ საქმეზე საოცრადაა შეყვარებული. თვლის, რომ „მოვლენებსა თუ სფეროებს განსაკუთრებულად ჩვენვე ვაქცევთ“.
გატაცებით აგრძელებს გრაფიკული დიზაინის მაგიაზე საუბარს, თან იმდენად აღფრთოვანებით, რომ ამ სფეროში სრულიად ჩაუხედავ ადამიანსაც კი გულის სიღრმეში, დანანებით აფიქრებინებს, აქამდე ამ საქმით როგორ არ დავინტერესდიო:
„ჩვენი პროფესიის განსაკუთრებულობა, ალბათ, სათქმელის გამოხატვის ფორმების მრავალფეროვნებაშია. გრაფიკულ დიზაინში აერთიანებ სიტყვასა და ვიზუალს, ორ უძლიერეს იარაღს, რაც გაძლევს საშუალებას კრეატიულად გამოხატო შენი სათქმელი, მიიტანო აუდიტორიამდე კონკრეტული მესიჯი ან უბრალოდ გამოიწვიო სასურველი ემოცია.
კომუნიკაციის გამარტივებისა და სათქმელის უნიკალური ფორმით გამოსახატად განსაკუთრებული მეთოდები გვჭირდება, რომლის ბაზისიც გრაფიკული დიზაინია. ეს კარგად მუშაობს მასასა და კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე.
ბოლო წლებში, უფრო მეტი კომპანია გადადის შიდა კრეატივ თიმების შექმნაზე და შესაბამისად, დიზაინერების როლიც უფრო გაზრდილია. დღეს გრაფიკული დიზაინერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კადრია.
ამ პროფესიაში რაიმე წესებსა და ჩარჩოებში შეზღუდული არ ხარ, რეალურად აკეთებ იმას, რაც შეიძლება „აკადემიურ“ ზღვარს სცდებოდეს და ამ ნამუშევრებით ქმნიდე თვითმყოფად სტილს.
მაგალითად, პანკის სტილი, როდესაც მუსიკოსების ალბომის ყდებს და სხვადასხვა პოსტერების კუსტარულად გაკეთების მეთოდმა საკმაოდ საინტერესო სტილი და ტექნიკა შექმნა. ის დღესაც გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი პოპულარული სტილისტური მიმართულებაა.“
არაშაბლონურივეა მისი პასუხი შეკითხვაზე - რა უნარებია საჭირო ამ სფეროში წარმატების მისაღწევად? კარიერულად შემდგარ ანნას სჯერა, რომ მთავარი მაინც პროფესიული ვნებაა, რაც შრომის სურვილს აღვივებს:
„თუ წარმატებასა და უწყვეტ პროგრესზე ვსაუბრობთ, დაუღალავი განვითარების სურვილი და მოტივაციაა უმნიშვნელოვანესი. სინამდვილეში კი, ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი ინდივიდიდან გამომდინარე, რაც გვჭირდება პროფესიული ზრდისთვის, უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ არასდროს არ გავჩერდეთ და არ მოვდუნდეთ.
აგრეთვე, კრეატიულ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად ხაზგასასმელია დიზაინ გადაწყვეტილებების სწორად მიღების უნარი. ჯგუფთან ერთად ან ინდივიდულურ პროექტებზე მუშაობის დროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დიზაინის შექმნის პროცესი არ გაჩერდეს, არ ჩავარდეს ან არასწორი მიმართულებით არ წავიდეს. ეს უნარი გამოცდილების, ლოგიკის, ინტუიციის, ძალიან დიდი პრაქტიკისა და ბევრ სხვადასხვა ქეისზე მუშაობის შედეგად ყალიბდება.
არ
უნდა დაგვავიწყდეს ეტაპობრივად ახალი უნარებისა და ცოდნის ათვისება. ეს კრეატიულ
აზროვნებას, ხედვას და პრობლემის გადაჭრის უნარებს ავითარებს.
დამწყები დიზაინერები ხშირად განიცდიან ინსპირაციისა და იდეების ნაკლებობას ან პირიქით - ძალიან ბევრი იდეა აქვთ და ტექნიკური ცოდნა მათ გაცოცხლებაში ხელს არ უწყობს. ამას ხშირად, მოტივაციის დაკარგვა თან სდევს, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ პრობლემების წინაშე თითქმის ყველა შემოქმედებითი ადამიანი დგება. ამიტომ, როდესაც ამ სფეროში გადაწყვეტთ ფეხი შედგათ, პირველ რიგში საკუთარ თავზე მუშაობის უნარის გამომუშავებას გირჩევდით, დაისახეთ კონკრეტული დედლაინები და ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული დიზაინ პროექტი“, - თამამად გასცემს რჩევებს ანნა და ვრწმუნდები, ახლა ცხოვრების იმ ეტაპზეა, როცა საკუთარი გამოცდილების სხვისთვის გაზიარებით დიდ სიამოვნებას მიიღებს. ჩემი შემდეგი შეკითხვაც მის სალექციო კურსს შეეხება, რომელსაც სმარტ აკადემიაში წაიყვანს:
„სილაბუსის შედგენისას ჩემი ამოცანა იყო, სტუდენტებსთვის პირველი ნაბიჯების გადადგმა გამემარტივებინა.
შევაგროვე ის პრობლემები და ასე ვთქვათ, სისუსტეები, რასაც ბოლო წლების მანძილზე ვაწყდებოდი საკუთარ თავთან და სხვა დიზაინერებთან. მინდოდა, უფრო მეტი მესაუბრა იმ მასალასა და თემებზე, რასაც სხვა ტუტორიალებსა თუ სასწავლო ვიდეოებში ვერ ნახავენ. კურსის განმავლობაში ვცდილობ, არ ვიყო სილაბუსით შეზღუდული და შეძლებისდაგვარად, ვარგებთ ინდივიდუალურ ინტერესებსა თუ უნარებს. ვსწავლობთ სამუშაო „შორთქათებს“ წარმატებისთვის. პრაქტიკული ნაწილიც უფრო მეტად გავზარდეთ და კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სხვადასხვა დიზაინ პროექტზე მუშაობისას მენტორობას ვთავაზობთ.
მოხარული ვარ, რომ ჩემს სტუდენტებს შორის ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატება ელოდება, თუ მიღებულ ცოდნას სწორად გამოიყენებენ და კიდევ განვითარდებიან.
სწავლების პროცესი საინტერესო აღმოჩნდა. ვთვლი, რომ მე მათთვის ვარ საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და საჭირო მიმართულებების მისაცემად“, - ამბობს ინტერვიუს დასასრულს.
უკვე ვიცი, რომ კიდევ დაუსრულებლად შეუძლია ისაუბროს გრაფიკული დიზაინის მისტიკურ სამყაროზე და ამ სფეროში სხვებსაც დიდი შემართებითა თუ პასუხისმგებლობით გაუკვალავს გზას.
ამაში შეგიძლია, თავადაც დარწმუნდე. კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.