ვებ-დეველოპმენტი ჩემს ცხოვრებას ბევრად უფრო საინტერესოდ აქცევს - ჟანა ქისტაურის ინსპირაციული ინტერვიუ
„მოუთმენლად
ველოდები იმ მომენტს, როცა შემეძლება, საკუთარ თავს ვებ-დეველოპერი ვუწოდო“ - ეს 21
წლის ჟანა ქისტაურის ენთუზიაზმით სავსე ფრაზა და ჩვენი ინტერვიუს საკვანძო სიტყვებია.
ჟანა კახეთის რაიონიდან, ქალაქ ახმეტიდანაა. ის სმარტ აკადემიაში FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსს ეუფლება.
აქ კონკურსის გზით მოხვდა.
ჟანა ქალთა გაძლიერების ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებისთვის-MFC“-ის
მიერ განხორციელებული პროექტის „პროფესიას არ აქვს გენდერი“ გამარჯვებულია. პროექტის
მიზანი ქალთა განათლების გზით ეკონომიკური გაძლიერების პრეცედენტის შექმნაა. პროექტი
ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს. კონკურსში 180 აპლიკანტი მონაწილეობდა,
რომელთაგან 5-ს, საუკეთესო შედეგებით, სმარტ აკადემიაში 6-თვიანი განათლება დაუფინანსდა.
სწორედ ამ 5-ეულს შორისაა ჟანა. ამბობს, რომ გენდერული ნიშნით პროფესიის განსაზღვრის
სტერეოტიპებს ნათლად გრძნობს, თუმცა თავად, ეს ხელს არ უშლის:
„როცა პროექტის „პროფესიას არ აქვს გენდერი“ შესახებ
გავიგე, დაუფიქრებლად გადავწყვიტე, მეცადა. მიუხედავად საზოგადოებაში დამკვიდრებული
აზრისა, ვიცოდი, რომ ვებ-დეველოპმენტი ის პროფესია იყო, რომელიც ჩემს ცხოვრებას ბევრად
უფრო საინტერესოდ აქცევდა.
საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ კომპიუტერული
მეცნიერებები ქალის საქმე არაა. ეს განწყობა ჩემს რეგიონშიც მძაფრად იგრძნობა, თუმცა
ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებდი - თუ რაღაც საქმე გიყვარს, გრძნობ ამ სფეროში ბევრი
რამის გაკეთება შეგიძლია და აღარ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ სხვები, თუმცა იმასაც
გეტყვით, რომ პროექტში გამარჯვების შემდეგ,
საზოგადოების ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა, რაც მხარდაჭერით გამოიხატება. ამან
კი მეტი თავდაჯერებულობა და მოტივაცია შემძინა. მაქსიმალურად ვცდილობ ბევრი ვიმუშაო,
რათა არ დავაღალატო არც საკუთარი თავი და არც ამ პროექტის ორგანიზატორები“, - გვიყვება
ჟანა. ინტერესი კომპიუტერული მეცნიერებებისადმი წლების წინ გაუჩნდა, პროექტში გამარჯვებით
კი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა:
„ კომპიუტერული მოწყობილობები ბავშვობიდან მაინტერესებდა.
შემეძლო, მთელი დღე ვმჯდარიყავი და „სეთინგები“ მეთვალიერებინა, ექსპერიმენტები ჩამეტარებინა
და ა.შ. ეს ხშირად, კომპიუტერის გადატვირთვას ან რაიმე მნიშვნელოვნის წაშლას იწვევდა,
თუმცა ვცდილობდი, პრობლემა თავად გამომესწორებინა.
ამ მცდელობებში ბევრი ვისწავლე და ზოგადი ცოდნაც დავაგროვე, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს
საკმარისი არ იყო და ინტერნეტში მუდმივად ვეძებდი საინტერესო ინფორმაციას. ყოველთვის
მინდოდა პროგრამირების ენების სწავლა, რამდენჯერმე ვცადე კიდეც, მაგრამ დამოუკიდებლად
რთული აღმოჩნდა.
არასდროს დამავიწყდება ის ბედნიერი მომენტი, როდესაც MFC-ის პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დამირეკა და გამარჯვება მომილოცა.“
დაახლოებით, ერთი თვეა, რაც სმარტ აკადემიაში FRONT-END DEVELOPMENT-ს პროფესიულ დონეზე ეუფლება და უკვე იცის, რომ სამომავლოდ კარიერას ამ მიმართულებით განავითარებს:
„ჯერ მხოლოდ რამდენიმე ლექცია გვქონდა, თუმცა უკვე ვრწმუნდები, რომ სფერომაც და აკადემიამაც მოლოდინები გამიმართლა. სურვილი მაქვს, გავხდე პროფესიონალი და ვიცი, რომ თუ ლექტორების რჩევებს მივყვები, ასეც იქნება. იმედი მაქვს, უმაღლეს ქულებს მივიღებ და სტაჟირებასაც გავივლი. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა შემეძლება, საკუთარ თავს ვებ-დეველოპერი ვუწოდო.“
თუ ფიქრობ, რომ ეს საქმე შენთვისაც საინტერესო იქნება, FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.
წაიკითხე:
დიფერენციალებიდან ალგორითმებამდე - გაიცანით გოგონა, რომელიც პროფესიულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
„პროფესიას არ აქვს გენდერი“ - 5 გამარჯვებულ გოგოს სმარტ აკადემიაში სწავლა დაუფინანსდა
6 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომლითაც დასაქმებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა