ამ კურსზე, ისევე როგორც ამ პროფესიაში, ორი დღეც კი არ ჰგავს ერთმანეთს - ნინო კუპრაშვილის ინსპირაციული ამბები
კარიერა ცოტა უცნაურად დაიწყო. თავიდან საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობდა, მერე ჯი-პი-აი ჰოლდინგში მარკეტინგის მენეჯერად, შემდეგ ESM-ში ლექციებს კითხულობდა, თან მარკეტინგის მენეჯერი იყო. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციაში მარკეტინგის, გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსის პოზიციებს იკავებდა. 2018 წლიდან კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ სტრატეგიული დირექტორია. პარალელურად, სმარტ აკადემიაში უძღვება კურსს - მარკეტინგი პრაქტიკაში. ამ შთამბეჭდავი პორტფოლიოს მიღმა ნინო კუპრაშვილი დგას.
ის უკვე 18 წელია მარკეტინგის სფეროშია:
„მარკეტინგის განსაკუთრებულობა ის არის, რომ სწრაფად ვითარდება და არასოდეს მეორდება. შესაბამისად, არასოდეს მბეზრდება. ყველა ბრენდი თუ პროდუქტი განსხვავებულია, რაც უნიკალურ სტრატეგიას/გადაწყვეტილებებს საჭიროებს“
ამ სფეროთი ერთი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის გაცნობის შემდეგ დაინტერესდა და მიხვდა, რომ ეს ის მიმართულება იყო, რასაც ცხოვრებას დაუკავშირებდა. შემდეგ მიზნისთვის თავდაუზოგავად შრომა დაიწყო და პირველმა აღიარებამაც არ დააყოვნა:
„ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი ვიყავი და ფინანსებს, მარკეტინგს, მართვასა და ბევრ სხვა საგანს ვსწავლობდი. მესამე კურსის დასაწყისში, ლექტორმა, ზურაბ ლილუაშვილმა ინტელის ქეისი მოგვიტანა, რომელიც მოგვითხრობდა ამბავს, თუ როგორ მოახერხა კომპიუტერის ნაწილის მწარმოებელმა ბრენდმა, საბოლოო მომხმარებელზე ორიენტირითა და სწორი სტრატეგიით მთლიანი კომპიუტერის ხარისხის გარანტი გამხდარიყო. ამ ძალიან შთამაგონებელი ამბის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მეც ამ მიმართულებით მინდოდა კარიერის გაგრძელება.
მესამე კურსის ბოლოს, ნიკოლოზ მარკოზაშვილმა GMCG-ში მუშაობა შემომთავაზა. არ მახსოვს, ზუსტად რა მითხრა, მაგრამ შეგრძნება არასდროს დამავიწყდება – უდიდესი მიღწევისა და სიამაყის განცდა დამეუფლა. 19 წლის ასაკში ჩემი თვითშეფასება მნიშვნელოვნად გაიზარდა. უნივერსიტეტში ლეგენდა დადიოდა, რომ ნიკოლოზი თავისთან სამუშაოდ მხოლოდ გამორჩეულ სტუდენტებს ეპატიჟებოდა.“
ასეც ყოფილა. წლების წინ რომ ლექტორი არ შემცდარა, დღეს ყოფილი სტუდენტის პორტფოლიო ადასტურებს. თავის საქმეზე საოცრად შეყვარებული და მუდამ ახლის ძიებაში მყოფი ნინო მარკეტინგის როლსა და მნიშვნელობაზე დაუღალავად საუბრობს:
„მარკეტინგში ყველაზე მეტად ორი რამ მომწონს - სიახლისკენ მუდმივი სწრაფვა და ის ფაქტი, რომ ძალიან მრავალმხრივია. ეს ის სფეროა, სადაც ფსიქოლოგია და ანალიტიკა ერთდროულად გვჭირდება, რათა მომხმარებელს ზუსტად ის პროდუქტი შევთავაზოთ, ზუსტ დროსა და ადგილზე, მისთვის მისაღებ ფასად. მთავარი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი სწორად უნდა მივაწოდოთ.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მომხმარებელს ვერ მოვატყუებთ. ტყუილზე დაფუძნებული რეკლამა პირდაპირი გზაა გაკოტრებისკენ. სწორი მარკეტინგი კი, ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღია. მისი კიდევ ერთი ფუნქცია მომხარებლის სურვილების დაკმაყოფილებაა. სამწუხაროდ, ბევრ კომპანიაში სრულად არ იყენებენ მარკეტინგის პოტენციალს და მასში გაწეულ ხარჯს ინვესტიციად არ აღიქვამენ.
მარკეტინგის პროფესიონალებზე მოთხოვნა მაღალია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კადრი კვალიფიციური იყოს და კარიერული კიბე სრულად გაიაროს. საშუალო ხელფასი დამწყებისთვის, დაახლოებით, 1000-1500 ლარია“
დამწყებ მარკეტერებს თავადაც უკვალავს გზას. გამოცდილების გათვალისწინებით, გასაზიარებელი ბევრი აქვს. ზუსტად იცის, რომ კურსის თითოეული ლექცია, რომელსაც ის სმარტ აკადემიაში წარუძღვება, ერთმანეთისგან განსხვავებული და დასამახსოვრებელი იქნება:
„კურსი - მარკეტინგი პრაქტიკაში, შედგენილია მათთვის, ვინც კარიერულ განვითარებას მარკეტინგის სფეროში იწყებს/გეგმავს. კურსი მოიცავს მარკეტინგის საფუძვლების გაცნობას, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით. დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით, რათა სტუდენტებს ცოდნის სამუშაო პროცესში გამოყენების საშუალება მივცეთ და მხოლოდ პასიური ცოდნა არ მივაწოდოთ.
ლექციები, ისევე როგორც მარკეტინგში გატარებული დღეები, არასოდეს არ არის მსგავსი. უკვე 15 წელია ლექციებს ვკითხულობ და ორი ერთნაირი ლექცია არ მახსენდება“, - ამ შთამაგონებელი ფრაზით ასრულებს ნინო ჩემთან საუბარს.
მე კი ისღა დამრჩენია, კურსზე სარეგისტრაციო ბმული შემოგთავაზო. რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.