რეგიონში მცხოვრები პედაგოგებისთვის სმარტ აკადემიაში კომპიუტერული უნარების კურსი ჩატარდა
ლტოლვილთა დანიის საბჭოს დაფინანსებითა და სმარტ აკადემიის ხელშეწყობით, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მასწავლებლებს, კომპიუტერული კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კომპიუტერული უნარების 1-თვიანი კურსი ჩაუტარდათ.
ტრენინგ-კურსი, რომელსაც კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრი, გელა პატარაია უძღვებოდა, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის 9 მასწავლებელმა გაიარა.
კომპიუტერული უნარების კურსი მიზნად ისახავდა სტუდენტისთვის კომპიუტერული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემის Windows 10-სა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლების სწავლებას, ასევე, საფოსტო და ღრუბლოვან სერვისებთან მუშაობის მეთოდების გაცნობას, სხვადასხვა მონაცემთა მენეჯმენტის, მანიპულაციისა და დამუშავების სცენარებში მაიკროსოფტის საოფისე პაკეტის პროგრამების, კერძოდ, Word, PowerPoint და Excel-ის ეფექტიანად გამოყენებას.
მასწავლებელთა ცოდნა და პროგრესი რეგულარულად მოწმდებოდა კურსის შეფასების სისტემით, რაც მოიცავდა სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ დავალებებს, ქვიზებს, შუალედურ გამოცდას, დამოუკიდებელ პროექტსა და საბოლოო გამოცდას.
ტრენერი გელა პატარაია:
„მე, როგორც ტრენერი, კმაყოფილი ვარ კურსის გავლის შედეგად მიღწეული პროგრესით. ვთვლი, რომ მასწავლებლებმა აიმაღლეს ტექნოლოგიური ცოდნა, შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები, რასაც თავიანთ სფეროებში აქტიურად გამოიყენებენ და ეს ეფექტიანად მუშაობაში დაეხმარებათ.
კურსის შთაბეჭდილებებს პედაგოგებიც გვიზიარებენ.
ირინა ძირკვაძე: კურსი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო… უფრო ნათლად დავინახე საოფისე პროგრამების შესაძლებლობები და მათი გამოყენებით საქმეების გამარტივების შესაძლებლობა. კომპიუტერთან მუშაობა გაცილებით გამიმარტივდა და ახლა უკვე დიდი სურვილი მაქვს, ჩემმა მოსწავლეებმაც იცოდნენ საოფისე პროგრამები, რათა ერთად შევძლოთ სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება.
მაია გობაძე: ვფიქრობ, ეს კურსი ჩემთვის დაიგეგმა. შეიძლება, ყველაფერი ძალიან კარგად ვერ ვისწავლე, მაგრამ ჩანაწერებს ვუყურებ ხოლმე და ვიხსენებ, რაც გადამავიწყდა, ან გამომრჩა.
ციცინო გობაძე: მიყვარს ტექონოლგიების გამოყენება. საოფისე პროგრამები მეგონა, ვიცოდი... ამ კურსით კი იმდენი რამ ვისწავლე... აღმოვაჩინე ისეთი ფუნქციები, რომლებზეც აქამდე წარმოდგენა არ მქონდა. ცოტა ხნის წინ მეგობარს საბაკალავრო ნაშრომის ანგარიშის დაწერაში დავეხმარე და გამიხარდა, ყველა ფუნქცია რომ ვიცოდი, რაც ნაშრომის სრულყოფისთვის იყო საჭირო. პროექტების დაწერის დროს კარგად ვიყენებ ექსელის ფორმულებს, ასევე ხშირად მიწევს პრეზენტაციების კეთება, ჩემი პრეზენტაციები უფრო დახვეწილი და ლამაზი გახდა.
ცირა კახაძე: კურსი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა, გაამდიდრა ჩემი ცოდნა. წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ექსელი ასეთი საინტერესო და მოქნილი იყო. მასწავლებლებს იმდენი სამუშაო გვაქვს… აქ შეძენილ ცოდნას ყველგან და ყველაფერში ვიყენებ. უღრმესი მადლობა ასეთი ძლიერი ლექტორისა და კურსისათვის.
აგრეთვე წაიკითხე:
მაკო ქურთიაშვილი გრეის ჰოპერის ჯილდოს მფლობელია
„პროფესიას არ აქვს გენდერი“ - 5 გამარჯვებულ გოგოს სმარტ აკადემიაში სწავლა დაუფინანსდა
სმარტ აკადემია კახეთში მცხოვრებ 5 მოსწავლეს ინტერნეტის 1 წლის საფასურს დაუფინანსებს
Რა არის პითონი და როგორ უნდა ისწავლო ის? - ცოტა რამ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის შესახებ