როგორ გავხდე ადამიანი ბრენდი? - ნინო წითლანაძის პერსონალური ბრენდინგის შესახებ
ნინო წითლანაძე კომუნიკაციის სპეციალისტი და კულტურის პროფესიონალია. 15 წელია მუშაობს ორივე სფეროში, როგორც პიარისა და კომუნიკაციის მენეჯერი, პროექტების მენეჯერი, კულტურის ლიდერი და ა.შ. ბოლო რამდენიმე წელია, ლექტორობა შეითავსა, რაც თავდავიწყებით უყვარს. პერსონალური ბრენდინგით 4 წლის წინ დაინტერესდა და გასულ წელს საკონსულტაციო სააგენტო - Nino Tsitlanadze Consultancy დააარსა:
„ჩემს თავს Educator-ს ვეძახი, ასე უფრო მართებული მგონია. გამოცდილებამ მიმიყვანა იქამდე, რომ პანდემიის დროს, გადავწყვიტე შემექმნა ჩემი საკონსულტაციო, რომელიც თავისი საქმის ოსტატებს მათი პირადი ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. შემოქმედებით ორგანიზაციებს და კულტურის პროფესიონალებს კი კონსულტაციას ვუწევ სწორი კრეატიული კომუნიკაციისა და სტრატეგიის შექმნაში. ესაა ის ორი მიმართულება, რაზეც ახლა აქტიურად ვმუშაობ.“
ამის პარალელურად, სმარტ აკადემიაში მიჰყავს კურსი - პერსონალური ბრენდინგი და სტუდენტებს საკუთარი თავის პოვნასა თუ პიროვნული წარმატების გაგებაში ეხმარება:
- წარმატება საკმაოდ ინდივიდუალური რამაა. ერთია სოციალური წარმატება, როდესაც საზოგადოება ადამიანის მიღწევებს აფასებს, როგორც წარმატებას (პროფესიული წინსვლა, ჯილდო, დიდი შემოსავალი, ცნობადობა და ა.შ.), მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, თავად ადამიანი რას ეძახის წარმატებას და როგორ აფასებს მას. ამიტომ, უნივერსალურია საზოგადოებაში მიღებული კრიტერიუმები, მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის წარმატების ცნება ინდივიდუალურია და მე ვიტყოდი, პირადულიც.
S: რა ნაბიჯები უნდა გაიაროს ადამიანმა საკუთარი თავის აღმოსაჩენად?
- ყველაზე პირველი და რთული ნაბიჯია იმ შიშის დაძლევა, რომელიც ყველანაირ განვითარებას აბრკოლებს. მეორეა, საკუთარი თავისთვის უფლების მიცემა გახდე ის, ვინც ხარ. მესამეა - შენი რეალური სურვილების გამომზეურება და იმის დაჯერება, რომ ყველაფერი შეგიძლია საკმარისი ცოდნის და ძალისხმევის დახმარებით. ამ სამ ნაბიჯს რომ გაივლი, დანარჩენი თავისით მოდის.
S: რას ნიშნავს პერსონალური ბრენდინგი?
- პერსონალური ბრენდინგი არის კონკრეტული ადამიანის მიზანმიმართული, გააზრებული და ავთენტური კომუნიკაცია სამყაროსთან. ნებისმიერ ჩვენგანს აქვს სათქმელი და შეუძლია მსგავსი კომუნიკაციის ტრანსლირება სამყაროში. როდესაც მეუბნებიან, რომ პერსონალური ბრენდი არ აქვთ, ვინაიდან არავინ არ იცნობს ან მათი საქმიანობა მნიშვნელოვანი არაა, მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ ყველა ადამიანი პოტენციურად არის ბრენდი. ამის გასააქტიურებლად საჭიროა სამი რამ: ვიცოდეთ, ვინ ვართ, რა არის ჩვენი “რატომ” ანუ რა სარგებელი მოგვაქვს და როგორ შეგვიძლია ჩვენი ოსტატობის მონეტიზაცია/შემოსავლის წყაროდ ქცევა. ესაა პერსონალური ბრენდინგი და დამეთანხმებით, რომ წარმოუდგენლად რთული არაა.
S: რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ბრენდის ჩამოყალიბების ყველა ეტაპის სწორად განსაზღვრა, დაგეგმვა და ა.შ. ხომ არ მოაქცევს ეს პიროვნებას გარკვეულ ჩარჩოებში და ხელს ხომ არ შეუშლის თავისუფლად განვითარებაში?
- ჩამოყალიბებული და გაწერილი პირადი ბრენდი ამოუწურავი თავისუფლების და კრეატიულობის წყაროა. როდესაც ადამიანმა ზუსტად იცის, ვინ არის და რას, რატომ აკეთებს, მას შეზღუდვები უბრალოდ, ვერ ექნება. მაგრამ, დაგეთანხმებით, რომ სტრატეგიის სწორად განსაზღვრისთვის აუცილებელია გარკვეული ცოდნა და სპეციალისტთან კონსულტაცია. რატომ? თქვენ ხომ არ მიიღებთ წამალს, თუ მის ეფექტიანობაში დარწმუნებული არ ხართ. რჩევისთვის მიმართავთ ექიმს ან ფარმაცევტს, მაინც. როდესაც საქმე ეხება თქვენს პირად ბრენდს, თქვენს რეპუტაციას, მომავალს, ოსტატობას, მიზნებსა და ოცნებებს, რატომ არ უნდა ჰკითხოთ რჩევა პროფესიონალს? თვითშემეცნება და თვითგანვითარება ძალიან ინდივიდუალური, მე ვიტყოდი, ინტიმური პროცესია, მაგრამ ძალიან ხშირად, ადამიანს სჭირდება „სხვა თვალი“, პროფესიონალი, რომელიც მას და მის ბრენდს/იდენტობას ობიექტურად და ადეკვატურად შეაფასებს და პრაქტიკულ რჩევებს მისცემს.
S: თქვენს ლექციებზე ხშირად იყენებთ სიტყვას „სუპერძალა“. რას გულისხმობთ?
- ძალიან გმირულად ჟღერს, არა? უცებ, მარველის გმირების ასოციაცია გვიჩნდება. მე მრავალი წელია ვსწავლობ სემიოტიკას, მითოლოგიას, არქეტიპებს და მინდა გითხრათ, რომ ქვეცნობიერად ყველა ადამიანს უნდა, რომ იყოს გამორჩეული. იყოს გმირი და ჰქონდეს რაღაც განსაკუთრებული, ზე-უნარები. „სუპერძალა“ ამ შემთხვევაში ჩემ მიერ „შემოტანილი“ ტერმინია და გულისხმობს ისეთ უნარს, ისეთ შინაგან ძალას, რომელიც ადამიანს ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს. მაგალითად, ჩემი სუპერძალა იმაშია, რომ ადვილად შემიძლია მივხვდე ადამიანის ქცევის რეალურ მოტივაციას. ეს კლიენტებთან მუშაობაშიც მეხმარება და ზოგადად, ცხოვრებაშიც. ეს არ არის ჩემი ძირითადი კომპეტენცია, მაგრამ ისეთი შინაგანი, თანდაყოლილი უნარია, რომელიც არ აქვს სხვას. ყველას აქვს ასეთი უნიკალური სუპერძალა, მთავარია მისი აღმოჩენა და სარგებლიანად გამოყენება. ამაშიც პერსონალური ბრენდინგი გვეხმარება, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს.
S: 3 რამ, რაც თქვენს კურსზე ჩარიცხვამდე უნდა გააკეთონ ანუ როგორ დავიწყოთ მომზადება პერსონალური ბრენდინგისთვის?
- პირველი - მიდით სარკესთან და ხმამაღლა უთხარით საკუთარ თავს - მე ვარ (სახელი) და მე ვარ ადამიანი ბრენდი. დააკვირდით ემოციებს და თქვენი სხეულის რეაგირებას.
მეორე - ჰკითხეთ თქვენს თავს, ვინ არის მთავარი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში?
მესამე - დაფიქრდით, რა არის ის საქმე, რომელიც შეგიძლიათ ერთი წელი ანაზღაურების გარეშე აკეთოთ და არასოდეს მოგბეზრდებათ.
დანარჩენს კურსზე მოგიყვებით.