მთავარიბლოგიმარიამ მურუსიძე PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT-ის კურსის შესახებ

მარიამ მურუსიძე PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT-ის კურსის შესახებ

იმ შეკითხვებზე, რომელთაც საკუთარ თავს ხშირად ვუსვამთ, - სტაბილურობა თუ ცვლილება? ნაცნობი გზა, თუ გამოწვევა? პასუხი ერთია - პროგრესი. პროგრესი კი ვერ მოვა, თუ ცოდნა არ გადაახალისე და “სწორი მომენტის” გამოყენებას შეუშინდი.

სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტა მარიამ მურუსიძემ PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT-ის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ. მისი თქმით, მთავარი ფაქტორი, რამაც სმარტ აკადემიაში მოიყვანა, სტუდენტების რეალური გამოცდილება და მეგობრების რეკომენდაცია იყო.

“ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილებას მაშინ ვიღებთ, როცა ზუსტად არ ვიცით, სად მიგვიყვანს გზა - უბრალოდ ვგრძნობთ, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმის დროა. ჩემთვის, სმარტ აკადემია სწორედ ასეთი “პირველი ნაბიჯი” აღმოჩნდა”.

მარიამი პროფესიით ჟურნალისტია და გამოცდილება სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში აქვს. ბოლო ორი წელი, აქტიურად მუშაობს პოლიტიკური პიარის მიმართულებით, სადაც მთავარი ფოკუსი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობაა. კურსის ფარგლებში მიღებულმა გამოცდილებამ დაანახა, რომ თანამედროვე კომუნიკაცია მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება კი არა, სტრატეგიის შექმნა, სწორი მესიჯების ფორმირება და ადამიანების ნდობაზე დაფუძნებული კავშირის დამყარებაა.

მოლოდინები და ღირებული გამოცდილება

“სწავლის დაწყებამდე ორი მთავარი მოლოდინი მქონდა - პირველი, ახალი უნარებისა და ინსტრუმენტების წაღება, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - საინტერესო და გამოცდილი ადამიანების გაცნობა. მოლოდინები ნამდვილად გამართლდა, თუმცა, საბოლოოდ კურსმა იმაზე მეტი მომცა, ვიდრე თავიდან ველოდი. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა იმ ადამიანების გამოცდილების მოსმენა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ამ სფეროში და განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვთ თავიანთ პროფესიასთან”.

მისი თქმით, კურსის ყველა შეხვედრა დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი იყო, თუმცა რამდენიმე ლექციის თემას განსაკუთრებით გამოარჩევს:

“თითქმის ყველა შეხვედრა მახსოვს, თუმცა იყო რამდენიმე კონკრეტული ლექცია, საიდანაც ისეთი რაღაცები წამოვიღე, რომლებიც დღეს უკვე ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ესენია: “20-წამიანი გასაუბრება” და “ოთხკუთხედი ბურგერი”, ორივე თითქოს ძალიან მარტივი ამბავია, თუმცა, ჩემთვის საინტერესო ადამიანურ თვისებებსა და პროფესიულ პრინციპებს უკავშირდება. 20-წამიანმა გასაუბრებამ დამაფიქრა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია აკეთო საქმე, რომელიც მართლა გიყვარს. ზოგჯერ 20 წამიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ რაღაც შენთვის არ არის და თუ ამას დროულად ხვდები, წასვლა მარცხად არ ითვლება. მეორე მხრივ, “ოთხკუთხედი ბურგერი” გამორჩეულობისა და საკუთარი ხელწერის პოვნის ძალიან კარგ მეტაფორად დამამახსოვრდა. როცა შეგიძლია, რაღაც ნაცნობი სხვანაირად დაინახო და გარდაქმნა, სწორედ მაშინ ჩნდება ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევს”.

მარიამისთვის, ეს კურსი ნამდვილად პროფესიული ზრდისა და წინსვლისთვის იდეალურ შესაძლებლობად იქცა: თითოეულმა ლექციამ, არსებული გამოცდილება ახალი ცოდნით შეავსო და პრაქტიკული უნარებით გაამდიდრა. ახლა მეტად აქცევს ყურადღებას, რას გრძნობს მომხმარებელი ბრენდთან ურთიერთობისას, რა ემოციურ კავშირს ქმნის ეს გამოცდილება და რა რჩება მის მეხსიერებაში.

“კომუნიკაციას უკვე მხოლოდ კონკრეტული მესიჯის ან კამპანიის ჭრილში აღარ ვუყურებ. მეტად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ იქმნება მთლიანად ბრენდის გამოცდილება და რა კვალს ტოვებს ის ადამიანებში. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სწორედ ეს არის”.

ფინალური პროექტი - იდეიდან აღსრულებამდე

სმარტ აკადემიაში, თითოეული კურსის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ნაწილი ფინალური პროექტია, რომელიც სტუდენტს მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების დემონსტრირების საშუალებას აძლევს. ერთ დავალებაში ერთიანდება ყველაფერი: უბრალო იდეიდან - კონცეფციასა და სტრატეგიამდე, რომელიც საბოლოოდ, ერთ დასრულებულ, პორტფოლიოსთვის ღირებულ ნამუშევრად იქცევა.

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT-ის კურსის ფინალურ პროექტში, მთავარი მიზანი ღონისძიების პიარ გეგმისა და სოციალური მედიის კონცეფციის შექმნა, ძლიერი, ეფექტური სცენარის გაწერა იყო. ეს პროცესი მოიცავდა როგორც ღონისძიების სტრატეგიულ დაგეგმვას, ასევე, ციფრული პიარის, ბრენდინგისა და კრიზისული კომუნიკაციის შექმნას.

დავალებაზე მუშაობისას, მარიამისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის დანახვა, როგორ შეიძლება ერთი მარტივი ინსაითიდან, ამ შემთხვევაში, სადღეგრძელოს იდეიდან - შეიქმნას ბრენდის კონცეფცია, სტრატეგია, ვიზუალური სამყარო, კომუნიკაცია და საბოლოოდ ისეთი გამოცდილება, რომელშიც აუდიტორია თავად ხდება მონაწილე.

“ამ პროექტის მთავარი გამოწვევა ჩემთვის სწორედ ეს იყო - როგორ გადამექცია სტუმარი დამსწრედან ისტორიის მონაწილედ. მინდოდა, ადამიანს მხოლოდ ლამაზი ღონისძიება კი არ დაემახსოვრებინა, არამედ გასჩენოდა განცდა, რომ რაღაც უფრო დიდის ნაწილია - ისტორიის, კულტურის, მემკვიდრეობის, რომელიც მასზე ადრე არსებობდა და მის შემდეგაც გაგრძელდება. ალბათ, სწორედ ამ პროექტმა დამანახა ყველაზე კარგად, რომ კარგი იდეა მხოლოდ კრეატიული ჩანაფიქრი არ არის. მნიშვნელოვანია, შეძლო მისი თანმიმდევრულად განვითარება და ყველა დეტალის ერთ მთავარ იდეასთან დაკავშირება - ისე, რომ ერთი საერთო გამოცდილება შექმნას, რომლის ნაწილად ყოფნაც ადამიანს რეალურად მოუნდება”.

კურსის დასრულების შემდეგ, პროფესიაში უფრო მასშტაბური პასუხისმგებლობის აღებას და სტრატეგიულ დონეზე განვითარებას გეგმავს. მისი თქმით, ახლა უკვე მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე ორიენტირება კი არა, მთლიანი სტრატეგიის შექმნასა და პროცესის მართვაში წვლილის შეტანა შეუძლია.

რჩევა მომავალ სტუდენტებს

კომუნიკაციების სფეროში, სადაც გარემო, ადამიანები და მიდგომები მუდმივად იცვლება, მნიშვნელოვანია არ გაჩერდე იმაზე, რაც უკვე იცი. ეს პრინციპი მხოლოდ კომუნიკაციებს არ ეხება. ნებისმიერი პროფესიული გზის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, მარიამის აზრით, მუდმივი განვითარება, ახალი ცოდნის მიღებისა და სწავლის გაგრძელების სურვილია. იქნება ეს საკუთარი სფეროს სიღრმისეული შესწავლა თუ სრულად ახალი მიმართულების ათვისება, მთავარია, განვითარების სურვილი არასდროს გაგიქრეს.

უწყვეტი განვითარების სურვილთან ერთად, მნიშვნელოვანია ის გარემოც, რომელიც ადამიანს, სწავლისა და პროფესიული ზრდისკენ უბიძგებს. მარიამისთვის კი კურსის არჩევისას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლექტორების ვინაობა, მათი პროფესიული და პიროვნული ღირებულებები აღმოჩნდა. 

“ვფიქრობ, სწავლა ყველაზე საინტერესო და შედეგიანი მაშინ არის, როცა იმ ადამიანებისგან სწავლობ, რომელთა გამოცდილება, ხედვები და დამოკიდებულებები შენთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის პროფესიულ გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. 

სწორედ ამ მხრივ გამიმართლდა მოლოდინი. კურსის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა ადამიანებთან, რომელთა რეალური გამოცდილებიდან და პროფესიული გზიდან ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა მხოლოდ ის, რას გვასწავლიდნენ, არამედ ისიც, როგორ უყურებდნენ საკუთარ პროფესიას, პასუხისმგებლობას და იმ საქმეს, რომელსაც აკეთებენ. ამიტომ, ლექტორების გაცნობასა და მათთან მუშაობას ამ კურსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვრად მივიჩნევ”.

კურსის შესახებ

PR, Event Branding & Management - სმარტ აკადემიის ექსკლუზიური კურსია, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს შეეძლებათ, სიღრმისეულად ისწავლონ რეპუტაციის მართვის წესები, მედიასთან ეფექტური კომუნიკაციის სტანდარტები, მასშტაბური კამპანიების დაგეგმვის ტექნიკები და ყველა ის საკვანძო დეტალი, რაც თითოეული წარმატებული ბრენდის უკან დგას. ამას გარდა, სტუდენტები გაიზიარებენ ახლებურ ხედვას PR-ზე, როგორც ორგანიზაციული განვითარების და წარმატების პროცესის შემადგენელ ნაწილზე. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ  ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას. 

კურსის ფარგლებში, სტუდენტები გასვლითი შეხვედრის ფორმატში, საკონსულტაციო ჯგუფ “ჯეპრას” ეწვივნენ. “ჯეპრა” 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე. დღეს კი საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგული კომუნიკაციისა და ზოგადი სტრატეგიული კონსულტაციის სფეროში მომუშავე კერძო ბიზნესკომპანიას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო, მუშაობის სპეციფიკის მოსმენა და მათი მხრიდან გაზიარებული პროფესიული გამოცდილება იყო.





სხვა სტატიები >>