მთავარიბლოგიპროფესიული პრაქტიკა Smart Web-ში - ანდრეა დეა ოდიკაძე და ელენე ხარძიანი

პროფესიული პრაქტიკა Smart Web-ში - ანდრეა დეა ოდიკაძე და ელენე ხარძიანი

ვიდეო მონტაჟის მიმართულებით პირველი ნაბიჯის გადადგმისას, ხშირად, ყველაზე დიდი გამოწვევა არა პროგრამების ტექნიკური სირთულე, არამედ ერთი მარტივი, რიტორიკული კითხვაა: „რამდენად ვარ მზად, რეალური პროექტის ასაღებად?“. 

სმარტ აკადემიაში, ვიდეო მონტაჟის კურსის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნა საამისოდ, მყარ საფუძველს ქმნის. თუმცა, საკუთარი შესაძლებლობების “ღია ველზე” გამოცდა მაშინ იწყება, როცა ხელს რეალურ პროექტს მოკიდებ. ასე უკეთ სწავლობ დროის განაწილებას, დეტალების შემჩნევასა და მოულოდნელ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას.

სწავლის პროცესიდან მყისიერად სამუშაო გარემოში გადასვლა, ალბათ, თითოეული სტუდენტისთვის ღირებული და აუცილებელი გამოცდილებაა. ეს შესაძლებლობა ამჯერად, ანდრეა დეა ოდიკაძესა და ელენე ხარძიანს ჰქონდათ. მათ პრაქტიკა სმარტ აკადემიის დამფუძნებელ კომპანია Smart Web-ში გაიარეს, სადაც კონკრეტული ბრენდებისთვის, რეალური ბრიფისა და ვადების გათვალისწინებით, სხვადასხვა ტიპის ვიდეოკონტენტი შექმნეს, ახლა კი კურსისა და პრაქტიკების შესახებ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ:

“კურსამდე, მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა მქონდა ამ პროფესიასთან დაკავშირებით. სწავლის პროცესში და უფრო გააზრებულად - დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ საკმაოდ შემოქმედებითი პროცესია. მოითხოვს კრეატივს, რიტმის, ხმის, ვიზუალის და ემოციის მართვას, რაც ჩემს ფინალურ პროექტზე მუშაობამ ნათლად დამანახა”, - ამბობს ანდრეა დეა ოდიკაძე, რომლისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, მუშაობის პროცესთან სწორი მიდგომა იყო. 
“რადგან ამ სფეროში მანამდე გამოცდილება არ მქონია, ყველაფერი ნულიდან, სმარტ აკადემიის ვიდეო მონტაჟის კურსზე ვისწავლე. ყველაზე მნიშვნელოვანი, მუშაობის საბაზისო ცოდნის მიღებასთან ერთად, ალბათ, ამ პროცესთან სწორი მიდგომის შესწავლა იყო. სწავლის პერიოდი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის: პოზიტიური გარემო, ყველანაირი ხელშეწყობა და დახმარება ლექტორის და აკადემიის მხრიდან, საინტერესო ლექციები, რამაც ჩემთვის ფაქტობრივად, სრულად ახალი სფერო ძალიან მარტივად აღქმადი გახადა”

ანდრეას აზრს იზიარებს ელენე ხარძიანიც, რომლისთვისაც პრიორიტეტული ვიდეომონტაჟისთვის საჭირო პროგრამების პროფესიონალურ დონეზე გაცნობა და იმის სწავლა აღმოჩნდა, თუ როგორ იქცევა სხვადასხვა კადრი ერთიან და საინტერესო ისტორიად. 

“ამ სფეროში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ერთი და იგივე მასალიდან შეიძლება, სრულიად განსხვავებული შედეგის მიღება, რადგან ყველაფერი შენს ხედვასა და კრეატიულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული”.

პრაქტიკა Smart Web-ში - როგორ მუშაობს კარიერის განვითარების პროგრამა

სმარტ აკადემიას სტუდენტებისთვის განსაკუთრებული სერვისი - კარიერული განვითარების პროგრამა აქვს, რომელიც კურსდამთავრებულებს შრომის ბაზარზე ნავიგაციასა და კარიერის დაგეგმვაში ეხმარება.

პროგრამა თემატურ მასტერკლასებს, გასაუბრების სიმულაციებს და ინდივიდუალურ უკუკავშირებს მოიცავს. კარიერის განვითარების მენეჯერი სტუდენტებს რეზიუმეს შექმნასა და LinkedIn-ის მოწესრიგებაში ეხმარება, მიმართულებების მიხედვით შეგროვებულ ვაკანსიებს კი თემატურ ჯგუფებსა და პირად ელ. ფოსტაზე აზიარებს. 

პროგრამის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა, ელენესა და ანდრეას შემთხვევაში, Smart Web-ში პრაქტიკის გავლით გაგრძელდა.

“კურსის დასრულების შემდეგ, სმარტ აკადემია ხშირად მიკავშირდებოდა და სხვადასხვა გამოცდილებისა თუ პრაქტიკის შესაძლებლობებს მთავაზობდა, რაც ძალიან დასაფასებელია. Smart Web-ში პრაქტიკის მიღების შესაძლებლობაც სწორ დროს გამოჩნდა ჩემთვის”, - აღნიშნავს ანდრეა.

მისი თქმით, რეალურმა სამუშაო გარემომ, უდიდესი გამოცდილება მისცა. მათ შორის, ისწავლა დედლაინების სწორად მართვა და დამკვეთის კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგება. რაც ყველაზე მთავარია, “ამ ეტაპმა ნამუშევრის გაზიარების შიში დააძლევინა”.

ეს გამოცდილება, გარკვეულწილად, მისი ინტერესებისგან განსხვავებულ თემატიკაზე მუშაობამაც განაპირობა.

“ჩემი ძირითადი ინტერესი სპორტული მიმართულებაა, პრაქტიკის ფარგლებში კი სრულიად განსხვავებული თემატიკის, საიინფორმაციო/სარეკლამო ვიდეოებზე მომიწია მუშაობა. ეს ჩემთვის ერთდროულად საინტერესოც იყო და ერთგვარი გამოწვევაც. ერთი სიტყვით, პრაქტიკების დროს მიღებული გამოცდილება თავდაჯერებულობას გაძლევს, რაც პროფესიულ განვითარებაში და დამოუკიდებელ მუშაობაში ძალიან გეხმარება”.

პრაქტიკული გამოცდილების მნიშვნელობაზე საუბრობს ელენე ხარძიანიც, რომლის თქმით, კურსის დასრულების შემდეგ მიღებული რეალური გამოცდილება ადამიანს ეხმარება, უკეთ გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები და ის მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა ჯერ კიდევ სჭირდება.

“კურსამდე ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, რამდენად დიდ მნიშვნელობას მივანიჭებდი დეტალებს. პრაქტიკის დაწყების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ შემიძლია ერთი და იგივე მასალისგან სხვადასხვა იდეის მოფიქრება და პრობლემის კრეატიულად გადაჭრა. აღმოვაჩინე ისიც, რომ საკმაოდ სწრაფად შემიძლია ახალი ინსტრუმენტებისა და პროგრამების ათვისება, თუ პრაქტიკაში მათი გამოყენების შესაძლებლობა მაქვს. ჩემთვის, კურსის შემდგომ პრაქტიკის გავლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რამაც მასწავლა, როგორ ვიმუშაო კონკრეტული დავალების მიხედვით, როგორ მივიღო უკუკავშირი და როგორ გავაუმჯობესო ჩემი ნამუშევარი. ასეთი გამოცდილებები ადამიანს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად გაიგოს, რა გამოსდის კარგად და კიდევ რა მიმართულებით აქვს სამუშაო”.

სხვა სტატიები >>