მთავარიბლოგირა როლი აქვს HR მენეჯერს და ვისთვისაა ეს პროფესია - ლიკა კოვზირიძე

რა როლი აქვს HR მენეჯერს და ვისთვისაა ეს პროფესია - ლიკა კოვზირიძე

2026 წელს, ადამიანური რესურსების მართვა ახალ ეტაპზეა. მრავალმხრივი ცვლილებების ფონზე, ბიზნესებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამშრომელთა მხარდაჭერა, ადაპტაციის ხელშეწყობა და საჭირო უნარების დროულად განვითარება.

თუმცა, რა როლი აქვს HR მენეჯერს თანამედროვე ორგანიზაციაში? ამის გასაგებად, SMART Support-ის მმართველი პარტნიორი და HR მენეჯმენტი პრაქტიკაში კურსის ლექტორი, ლიკა კოვზირიძე პროფესიის შიდა სამზარეულოზე გვესაუბრა. განგვიმარტა, რას ემსახურება HR მენეჯმენტი, ვისთვისაა ეს პროფესია და რა პერსპექტივები აქვს დღეს. გარდა ამისა, გვესაუბრა გამოწვევებსა და პროფესიულ დოფამინზე: რა სახალისო მომენტები ახლავს პროფესიას და პირიქით - რისი კეთება გვიწევს ხალისის გარეშე.

ღია ლექციის სრულად სანახავად, ეწვიეთ ჩვენს Youtube არხს.

ადამიანური რესურსების მართვა თანამშრომელთა მოზიდვის, შერჩევის, განვითარებისა და შენარჩუნების სისტემური პროცესია, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს როგორც რეკრუტინგს, ასევე, დოკუმენტების წარმოებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას, სწავლება/განვითარებასა და ორგანიზაციული კვლევების ჩატარებას.

საქმიანობის თითოეულ პუნქტს ერთ მთავარ მიზნამდე მივყავართ: ორგანიზაციას ჰყავდეს სწორი ადამიანები, სწორ პოზიციებზე და სწორ დროს. გარდა ამისა, HR მენეჯერის ვალია, შექმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები ეფექტურად მუშაობენ და კომპანიაში გრძელვადიანად რჩებიან.

“რეკრუტინგში აქტიურად ვარ ჩართული. ყველაზე მეტად [ამ ნაწილში] რაც მეხალისება ისაა, რომ ადამიანებს ვუქმნით უკეთესს შესაძლებლობებს. ვუკავშირდებით, ვაცნობთ ვაკანსიას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, არსებულ სამსახურზე უკეთეს პირობებს სთავაზობს და ვაფიქრებთ ცვლილებაზე. ერთი სიტყვით, დადებით როლს ვასრულებთ მის ცხოვრებაში. მეორე მხრივ, კომპანიისთვისაც ვქმნით შანსს, რადგან მისთვის შესაბამის კანდიდატს ვპოულობთ, რომელიც სამომავლოდ, ბიზნესს ავითარებს და სიახლე მოაქვს”, - აღნიშნავს ლიკა.

პროფესიული დოფამინის არსებობის მიღმა, ლიკამ ისეთ აქტივობებზეც ისაუბრა, რომელიც ერთი შეხედვით სულაც არაა სახალისო, თუმცა, ყველა პროფესიას ახლავს თან და გარკვეულ დონეზე საინტერესო გამოწვევაც არის.

“არსებობს გარკვეული პოზიციები, სადაც გადინება მაღალია. ზოგჯერ ამას ვერაფერს უკეთებ, რადგან შესაძლოა, მაღალ ხელფასს ვერ სთავაზობდე, თუმცა, გიწევს გარკვეული გზების და ხრიკების გამოძებნა, რაც სახალისო პროცესი არაა. ამ დროს აღმოაჩენ, რომ HR-ისთვის კრეატივიც საჭიროა, რათა სხვადასხვა გზები იპოვო”.

როგორც ლექტორი ამბობს, ადმინისტრირების ნაწილი ხშირად, ადამიანებს რუტინულ საქმედ მიაჩნიათ და თვლიან, რომ ნაკლებად საინტერესო პროცესია. თითქოს, ერთი და იგივე ხელშეკრულება, ბრძანება და დოკუმენტია, თუმცა სწორედ ამ ნაწილში, კაიზენის მეთოდის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი.

უფრო კონკრეტულად, კაიზენი იაპონური ბიზნეს ფილოსოფიაა, რომელიც პროდუქტიულობის ეტაპობრივ გაუმჯობესებასა და სამუშაო გარემოს ეფექტურობაზეა ფოკუსირებული. კაიზენის მცირე ცვლილებები შესაძლოა, ხარისხის კონტროლს, დროულად მიწოდებას და ეფექტური გზების გამოყენებას მოიცავდეს. მსგავსი პატარ-პატარა დეტალების გაუმჯობესებაზე ზრუნვა კი, საერთო ჯამში, რუტინულ საქმესაც გამოწვევებით აავსებს.

რაც შეეხება HR მენეჯმენტის სფეროს, ეს პროფესია ყველასთვისაა, ვისაც: 

  • უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი მოსმენა;
  • აინტერესებს ადამიანების მოტივაცია და განვითარება;
  • უყვარს მონაცემებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
  • აინტერესებს ტექნოლოგიები და აქვს სწრაფად ათვისების უნარი;
  • შეუძლია სისტემური და სტრუქტურირებული მუშაობა;
  • იზრუნებს სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.

კარიერული შესაძლებლობები HR მენეჯმენტს მრავალმხრივი აქვს. 

“ძირითადი მიმართულებები არის რეკრუტინგი (შერჩევა), ადმინისტრირება და Payroll (ხელფასების დათვლა), ტრენინგები და განვითარება. ასევე, მნიშვნელოვანია HR ჯენერალისტის როლი - გულისხმობს, რომ პატარა კომპანიაში, შესაძლოა, ყველა მიმართულებით მოუწიოს გარკვეული ამოცანების შესრულება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მართავს HR მიმართულების ხელმძღვანელი” 

ცხადია, HR-ის სფეროში არსებული სხვადასხვა მიმართულება განსხვავებულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, პროფესიული განვითარების მსურველებს Smart Academy-ში შესაძლებლობა აქვთ, ყოველმხრივ გაიღრმაონ ცოდნა და რეალურ სამუშაო პროცესებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მიიღონ გამოცდილება.

მიიღე სრული ინფორმაცია HR კურსების შესახებ.

ასევე, წაიკითხე სტატია: 10 ნიშანი, რომ HR-ის სფეროში ცოდნის განახლება გჭირდება


სხვა სტატიები >>